ჰერმან საბო - მთავარი ბრძოლა პარლამენტში უნდა იყოს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ნელი პროცესია, შეიძლება, პიარულად გჭირდებოდეს, მაგრამ პრაქტიკული შედეგი უცებ არ დგება
მთავარი ბრძოლა პარლამენტში უნდა იყოს, მათ შორის სხვა კომისიების დარეგისტრირებით. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა ნელი პროცესია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კოლეგების შეხედულებაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გაირკვევა მტყუან-მართალი, რის გამოც „გირჩმა“ მიმართვას ხელი მოაწერა.
„ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის აქტივისტები არ ვყოფილვართ. ვფიქრობთ, პროცესი პარლამენტში უნდა იყოს და ყველა შესაძლო გზა გამოვიყენოთ, რათა ჩვენი პოზიცია აქ ვაჩვენოთ. ოპოზიციონერი კოლეგების შეხედულებით, საკითხზე ამ გზით დასვამენ დიდ წერტილს და გაირკვევა, ვინ არის მტყუან-მართალი. ამ კონტექსტში მიმართვას მოვაწერეთ ხელი და საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება. მთავარი ბრძოლა პარლამენტში უნდა იყოს, მათ შორის სხვა კომისიების დარეგისტრირებით. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა ნელი პროცესია. შეიძლება, ჩივილი პიარულად გჭირდებოდეს, მაგრამ პრაქტიკული შედეგი უცებ არ დგება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.