ჰერმან საბო - მივესალმები რომან გოცირიძის გადაწყვეტილებას, ვიმედოვნებ, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გამოჩნდებიან სხვა ჯგუფებიც, რომლებიც გამოეყოფიან ამ დომხალს
მივესალმები რომან გოცირიძის გადაწყვეტილებას, ვიმედოვნებ, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გამოჩნდებიან სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც, რომლებიც გამოეყოფიან ამ დომხალს და თავიანთი პოლიტიკის კეთებას დაიწყებენ, – ამის შესახებ „პარტია“ გირჩის წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
ჰერმან საბოს თქმით, იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი ჩაიგდო, რომან გოცირიძის ადგილი პარტიაში არ არის.
„„ნაციონალური მოძრაობის“ წებო, რაც ერთად კრავდა ამ პარტიას, იყო მიხეილ სააკაშვილი. ჯერჯერობით კიდევ არის, მაგრამ ბევრად შესუსტებული, და იმ შემთხვევაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ჩამოშორდება, გარდაუვალია ამ პარტიის დაშლა მარტივ მამრავლებად, რაც ძალიან კარგია. გასაგები იქნება, ვის ვისთან უნდა თანამშრომლობა, რა იდეების მატარებელია, ვის უნდა პოლიტიკაში და ვის არ უნდა. რომან გოცირიძის გადაწყვეტილებას მივესალმები, ძალიან სწორია. იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ამ პარტიამ თავი ჩაიგდო, ბატონი რომანის ადგილი ამ პარტიაში არ არის, ადამიანის, რომელიც ძალიან იდეური, ძალიან სწორი ეკონომისტი და გამოცდილი პარლამენტარია. მეტიც, დანარჩენებსაც მოვუწოდებდი, გაერთიანდნენ იმ ჯგუფებად, სადაც ეკომფორტულებათ მუშაობა და გამოეყონ ამ პარტიას, დედა პარტიას და, ვთქვათ, დააარსონ თავიანთი პარტიები. ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესისა, რასაც ვხედავთ. ხან გავიდნენ, ხან შემოვიდნენ, ახლა ამ შემოსვლას დააბრალებენ რაღაც კანონის მიღებას, რათა „გააპრავონ“ ეს შემოსვლა. გასვლის დროსაც, მიშას ვაჩვენოთ, როგორ გული შეგვტკივა მაგის გამოო, გადიან. ეს არ არის პოლიტიკის კეთება. პოლიტიკური პარტია ასე არ იქცევა. მიშას რაღაც ფანკლუბი, შეიძლება, ეგრე იქცეოდეს და რაღაც გადაწყვეტილებებს აფუძნებდეს იმაზე, როგორ ხასიათზეა მიხეილ სააკაშვილი. დიდი, წესიერი ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტია ასე არ უნდა იქცეოდეს.
მივესალმები პროცესს, რომელიც დაწყებულია რომან გოცირიძის მხრიდან. იმედი მაქვს, გამოჩნდებიან სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, რომლებიც გამოეყოფიან იმ დომხალს, რომელიც ახლა არის იქ შექმნილი და თავიანთი პოლიტიკის კეთებას დაიწყებენ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
რომან გოცირიძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 17 თებერვალს დატოვა. რომან გოცირიძემ განაცხადა: „პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავი ამოვწურე, პარტიაში გრძელდება დაპირისპირება და ჩემს თავში ვერც მედიატორის რესურსი დავინახე“.