ჰერმან საბო - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო „თავდაცვის კოდექსს“, არ ვართ განწყობაზე, მისგან მითითებები მივიღოთ, იმპიჩმენტის პროცესს დავაკვირდებით დარბაზში და ჩვენს სათქმელს ვიტყვით
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო მართლაც პრობლემურ „თავდაცვის კოდექსს“, ჩვენ არ ვართ იმ განწყობაზე, რომ მისგან პირდაპირ მითითებები მივიღოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „გირჩის“ წევრები იმპიჩმენტის პროცესს დააკვირდებიან და დარბაზში თავის სათქმელს იტყვიან.
„ჩვენ არასოდეს არავისთვის მიგვიცია იმის საფუძველი, იფიქროს, რომ სიტყვას გადავთქვამთ. როცა ვამბობთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ და იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ, ჩვენს განცხადებაში ეჭვის შეტანა შეურაცხმყოფელია. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო მართლაც პრობლემურ „თავდაცვის კოდექსს“, ჩვენ არ ვართ იმ განწყობაზე, რომ მისგან პირდაპირ მითითებები მივიღოთ. პროცესს დავაკვირდებით, დარბაზში ვიქნებით და ჩვენს სათქმელს ვიტყვით“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: „არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ. მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ, შიგნით მე ვიქნები“.