ჰერმან საბო - ხალხი ვიდრე ციხეშია და ვიდრე მეორე მოსმენას ველოდებით, აქციის დაშლა ან მუხტის შესუსტება არ იქნება სწორი
დღესვე თუ ვნახავთ ყველა იმ დაკავებულის გამოშვებას, ვინც გუშინ და გუშინწინ დააკავეს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მიერ ნათქვამის სერიოზულობის გარანტი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„იმდენი მოვახერხეთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომ ერთმანეთის სიტყვას ადამიანები არ ენდობიან. გასაგებია, რომ ასე უბრალოდ ნათქვამი კი ძალიან კარგი ნაბიჯია, სწორი ნაბიჯია, დროზე უნდა ექნათ და ეს ყველაფერი არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ შეიძლება, ადამიანებს ჰქონდეთ სკეპტიციზმი ამის მიმართ და სავსებით გასაგებია. ამიტომ ეს განწყობა „ქართულმა ოცნებამ“ საქმით უნდა დაამტკიცოს და საქმით რას ნიშნავს: დღესვე თუ ვნახავთ ყველა იმ დაკავებულის გამოშვებას, ვინც გუშინ და გუშინწინ დააკავეს, ეს იქნება მათი ნათქვამის სერიოზულობის გარანტი და ვნახავთ, რომ ისინი, დიახ, ნამდვილად ასე აპირებენ მოიქცნენ. მაშინ მათ მიმართ შეიძლება, ნდობა ცოტა უფრო გაიზარდოს. ახლა, სანამ ის ხალხი ციხეშია და სანამ მეორე მოსმენას ველოდებით, ჯერჯერობით აქციის დაშლა ან მუხტის შესუსტება არ იქნება სწორი. მე პირადად ვაპირებ, რომ დღესაც გავიდე აქციაზე, სანამ ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია, არ იქნება გარეთ და ეს არ იქნება იმის მაჩვენებელი, რომ „ოცნებამ“ სერიოზულად გადაწყვიტა ადამიანების მოთხოვნასა და ნებას დაჰყვეს, იქამდე მოგვიწევს აქციაზე დგომა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ეს განწყობა მაქვს“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.
მისი თქმით, მომდევნო სასესიო კვირა 20 მარტიდან დაიწყება და „ქართული ოცნების“ მხრიდან სწორი იქნება, პირველივე პლენარულ სხდომაზე, 21 მარტს, სამშაბათს ჩავარდეს კანონპროექტი მეორე მოსმენით.
„წესით, ორკვირიანი ვადაა. თუ „ქართული ოცნება“ სერიოზულია თავის გადაწყვეტილებაში, შემდგომ სამშაბათს უნდა ჩააგდოს მეორე მოსმენით ეს კანონი. ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება, მათ გააკეთონ. ამას არ ექნება განსაკუთრებული ფასი, თუ ის ხალხი იქნება ციხეში, ვინც დააპატიმრეს და დააკავეს. ჩემი პირადი აზრია, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ ყველა ადამიანი გარეთ არ იქნება. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს არ იქნება ამ ადამიანების პროცედურულად გამოშვება, არამედ „ქართული ოცნების“ ნათქვამის სერიოზულობის ჩვენება და უპირობოდ გამოუშვებენ ამ ადამიანებს ყოველგვარი სასამართლოებისა და ჯარიმების გარეშე. ეს დააწყნარებს აქ მოსულ ადამიანებს და ეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად არის განწყობილი და მზად არის, ადამიანების ნებას მოუსმინოს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.