ჰერმან საბო - ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილის მხარდაჭერაზე საბოლოო პასუხი არ მაქვს, ამაზე პარტიაში შიდა კონსულტაციები გვექნება
ოპოზიციონერი დეპუტატი ჰერმან საბო არ აკონკრეტებს, „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს თუ არა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას.
როგორც ჟურნალისტებს საბომ განუცხადა, თვითმმართველობის არჩევნები სტანდარტული, ქართული არჩევნები იყო თავისი დარღვევებით და მოსყიდვებით, მაგრამ კარგად და გამართულად ჩატარდა.
„ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც თქვეს. კალანდარიშვილის მხარდაჭერაზე საბოლოო პასუხი არ მაქვს, ამაზე პარტიაში შიდა კონსულტაციები გვექნება. სწორი იქნებოდა კანონში შენარჩუნებულიყო ის ჩანაწერი, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით უნდა ხდებოდეს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა, თუმცა ამის შესაძლებლობას პოლიტიკური კონიუნქტურა და დღევანდელი მდგომარეობა არ იძლევა. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დაუშვას ის ბერკეტი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე საყოველთაო კონსენსუსით იყოს არჩეული“, – დასძინა საბომ.
პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პარლამენტს წარედგინება ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მისი არჩევა ორი კენჭისყრის შედეგად ხდება. პირველ შემთხვევაში, კანდიდატს 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მეორეში – 76.