ჰერმან საბო - გაუგებარია, საიდან აქვს ამხელა ფინანსური რესურსი „ახალს“, მგონია, ამ საკითხით „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაინტერესდეს
მიხეილ სააკაშვილის განცხადება „ახლების“ მიმართ, რომ გავერთიანდეთო, ძალიან ლოგიკური იყო, რადგან „ახლები“ თავიდან ბოლომდე სხედან მიშას ელექტორატზე, წაართვეს ხმები და არაფერს განსაკუთრებულს არ იძახიან მიშასგან, რითი იქნება მათი ხელისუფლება განსხვავებული სააკაშვილის ხელისუფლებისგან, ამას წინასწარ არ ამბობენ, – ამის შესახებ გირჩის წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
„ძალიან ლოგიკურია, რომ ისინი გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ გვარამიამ უარყო კიდეც გაერთიანება. ამ ყველაფრის მერე ველოდები, რომ სააკაშვილმა „ცეცხლი გახსნას“ მათი მიმართულებით. რადგან, თუ გამოდის, რომ მარტო მე მართმევ ხმებს, ე.ი. ჩემი მტერი ხარ და არა ივანიშვილის. ე.ი. ჩემს დასუსტებაზე მუშაობ და არა ივანიშვილისთვის ხმების წართმევაზე და თან ისეთი ფინანსური რესურსი მოგყვება, რომელიც, მგონი, „ლელოს“ აქვს მარტო და გაუგებარია, საიდან არის ეს ფინანსური რესურსი. ქალაქში თუ ვინმეს ბანერია, ან 4 ნომრის არის, ან 41-ის. მეტი ბანერი არ მინახავს. ქალაქში თუ ვინმეს ოფისია მასიურად გახსნილი, ოფისებია ან „ქართული ოცნების“, ან „ახლების”. მეტი არ მინახავს სხვა პარტიის“,- განაცხადა ჰერმან საბომ.
საბო მიიჩნევს, რომ „ახლების“ ფინანსებით „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაინტერესდეს.
„შემიძლია, რაღაცები ვივარაუდო, მაგრამ ფაქტად არ ვიცი, საიდან აქვთ ფინანსები „ახლებში“. მგონია, კითხვაზე, თუ საიდან არის დაფინანსება, უნდა დაინტერესდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რადგან ეს შეიძლება ან მიშას ფული იყოს, ან ბიძინასი, ან ხაზარაძის. მეტი პოლიტიკაში დიდი ფულის ჩამსხმელი ჯერ საქართველოში არ გვეგულება. შეიძლება, ასე პირადად ბიძინას ფული არ იყოს, მაგრამ მისი ხელდასმით, მისი ნებართვით. ამ კითხვაზე ვიდრე არ არის პასუხი გაცემული, რაღაც ეჭვები, რა თქმა უნდა, იარსებებს. მგონი, ეს ეჭვები მიშასაც შეიძლება ჰქონდეს და ამაზე არსაუბარი მისი მხრიდან ძალიან არასწორი იქნება წინასაარჩევნოდ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უბრუნდება პარტია „ახლის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების ინიციატივას. ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ კოალიციაში „ცვლილებებისთვის“ პარტიულ გაერთიანებებს არ განიხილავენ.