ჰერმან საბო - „ევრონესტის“ ასამბლეაზე რომ ვყოფილიყავი, ყველა შემთხვევაში დავუჭერდი მხარს რეზოლუციას, თუ დოკუმენტში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არაფერი იქნებოდა
„ევრონესტის“ ასამბლეაზე რომ ვყოფილიყავი, ყველა შემთხვევაში დავუჭერდი მხარს რეზოლუციას, თუ დოკუმენტში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არაფერი იქნებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
ჰერმან საბოს თქმით, შეიძლებოდა, რომ ორივე მხარე, „ქართული ოცნებიდანაც“ და ოპოზიციიდანაც უკეთესად მოქცეულიყო.
„რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, გვენახა ვითარება, სადაც „ქართული ოცნება“ წინასწარ უთანხმდება ოპოზიციონერ დეპუტატებს და ერთად წარადგენენ დოკუმენტს. ასევე კარგი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეუთანხმა თუ არა დოკუმენტი ოპოზიციას, ოპოზიცონერებს მაინც დაეჭირათ მხარი. ამ შემთხვევაში, ორივე მხარის მიმართ შეიძლება თქმა, რომ უკეთ შეიძლებოდა მოქცევა. მაგალითად, პირადად მე იქ რომ ვყოფილიყავი, წინასწარი კონსულტაცია იქნებოდა თუ არა, ტექსტში ისეთი არაფერი თუ არ ეწერებოდა, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს, ყველა ვარიანტში დავუჭერდი მხარს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.