ჰერმან საბო - ჩვენმა მეგობრებმა ფოკუსი გაგვისწორეს, იმედია, ეს დაეხმარება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ
ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰერმან საბოს განცხადებით, არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ საქართველო ტექნიკურად მოლდოვასა და უკრაინაზე ბევრად წინ არის, თუმცა მეორე მხარეა ის, საქართველოს ხელისუფლებამ როგორ მოახერხა, რომ, ტექნიკურად ასე წინ ყოფნის მიუხედავად, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს ჰერმან საბომ განუცხადა, გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით წინაა.
„ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობას ჯერ კიდევ ინარჩუნებენ, ამ ანგარიშით ფოკუსი გაგვისწორეს, რადგან იმით გათამამებულები, რომ ამ პუნქტების შესასრულებლად ცოტა მეტი დრო გვაქვს, ისინი სრულიად დავივიწყეთ და როცა ყოველდღე 12 პუნქტის შესრულებაზე უნდა ვსაუბრობდეთ, უამრავ სხვადასხვა თემას მივედ-მოვედეთ და რეკომენდაციებზე საუბარი თითქმის არ ისმის. იმედია, ფოკუსის გასწორება დაეხმარება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ და რეკომენდაციები შევასრულოთ. არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ტექნიკურად მოლდოვასა და უკრაინაზე ბევრად წინ ვიყავით. ამ ანგარიშმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ წინაც ვართ. თუმცა, მეორე მხარეა – როგორ მოვახერხეთ, რომ, ტექნიკურად ასე წინ ყოფნის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსი ჩვენ არ მოგვცეს და მათ მისცენ? ეს გადაწყვეტილება არ არის ტექნიკური, არ არის ამოცანა, რომელსაც ამოხსნი და ქულას მიიღებ, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, სადაც, ტექნიკური მხარის ნაცვლად, დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექტს – თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა, როგორი ტემპით მიდის, ვინარჩუნებთ თუ არა იმავე განწყობებს, რაც ევროკავშირის მიმართ იყო, როგორ ვიქცევით, საერთაშორისო არენაზე როგორ გამოვიყურებით. ჩვენდა სამწუხაროდ, უკრაინაში ომის დაწყების დროს საქართველოს ხელისუფლების განცხადებების გამო ჩვენ კარგად არ გამოვიყურებოდით და ღიად არ ჩანდა, კონფლიქტში ვის მხარეს ვიყავით, თითქოს ნელთბილ პოზიციას ვიკავებდით. სწორედ ამის გამო ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“, – აცხადებს საბო.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საბო პასუხობს, რომ ამ თვალსაზრისით სამუშაოა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიერ.
„მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ეს დამოკოდებულია იმაზე, მომავალ ერთ წელს როგორ გავატარევთ, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია თავისი სიამაყე და პირადი გეგმები გვერდით გადადოს და მართლა საქმეზე იმუშაოს, ასევე ხელისუფლება მოახერხებს თუ არა, კოსმეტიკური ცვლილებების ნაცვლად, მართლა გამბედავი ნაბიჯები გადადგას და ყველას დაანახოს, რომ მზად არის, გახდეს ევროპული ტიპის მმართველობა და ჩარჩენილი არ არის მმართველობის რუსულ-აზიურ სისტემაში, სადაც ფაშა მართავს ყველაფერს. თუ ეს ორი კომპონენტი გვექნება, სტატუსს მივიღებთ. ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის სურვილს ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემი ოპტიმიზმი იმ ვარაუდზე დგას, რომ, სინამდვილეში, რასაც ახლა ვუყურებთ, ის არის, როცა პოკერში ორივე მხარე „ბლეფობს“ და არვინ იცის, ვის რა უჭირავს და სანამ დადებული თანხები არ აიწევა, თამაში ბოლომდე არ მივა, იქამდე ვერ ვიგებთ, ვის რა უნდა და ვინ რაზეა წამსვლელი. იმედი მაქვს, რაც უფრო მოახლოვდება პასუხი სტატუსის მიღებაზე, მით უფრო ნაკლები საშუალება ექნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას, უპასუხისმგებლო ნაბიჯები გადადგან, თავიანთ წილ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და რეკომენდაციები არ შეასრულონ. ჩემი ოპტიმიზმი იმაზე დგას, რომ რაღაც გვეშველება“, – განაცხადა საბომ.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.