ჰერმან საბო - ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად რა პროცესიც მიდის თბილისში, განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს შანსი
ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა ბუდაპეშტში, უნგრეთში, დღეს ვხვდებით საბერძნეთში საკმაოდ მაღალ დონეზე და მესიჯები ჩვენგან იგივე იქნება, რომ დიახ, ჩვენ შეიძლება საკმარისს არ ვაკეთებთ ამ მომენტში, მაგრამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს, დაგვაკვირდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ საბერძნეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად რა პროცესიც მიდის თბილისში, ჯერ განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.
„სამწუხაროდ, ხელისუფლებაც და ოპოზიციის ნაწილიც ბოლომდე არ იაზრებს ამ პასუხისმგებლობას. პროცესი არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენი მეგობრები აქ ევროპაში ისურვებდნენ, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ ყველა მხარე მოეგოს გონს, ბოლომდე გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა. აქ ვართ, რომ როგორც კი ჩვენ ამის შანსი მოგვეცემა, როგორც კი დავსხდებით იმ მაგიდასთან და მოვაგვარებთ 12 პრობლემას, აქ ჩვენი მეგობრები მზად იყვნენ, ჰქონდეთ ადეკვატური რეაქცია და ჩვენი გულშემატკივრების გუნდი იყოს მომზადებული, რათა ჩვენს პროგრესს, როგორიც არ უნდა იყოს ის, შეხვდნენ ადეკვატურად, შეხვდნენ სწორი მესიჯებით და ის მხარდაჭერა, რომელიც ევროპაში გვაქვს, კიდევ უფრო გააძლიერონ. ეს შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება. ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა ბუდაპეშტში, უნგრეთში, დღეს ვხვდებით საბერძნეთში საკმაოდ მაღალ დონეზე და მესიჯები ჩვენგან იგივე იქნება, რომ დიახ, ჩვენ შეიძლება საკმარისს არ ვაკეთებთ ამ მომენტში, მაგრამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს, დაგვაკვირდნენ და როგორც კი რაიმე პროგრესს დაინახავენ, ამაზე ბევრი იხმაურონ ევროკავშირში იმ კულუარებში, სადაც წყდება, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საბერძნეთში ვიზიტით იმყოფება, დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და ჰერმან საბო.