ჰერმან საბო - ძიძიგურისა და მარგველაშვილის დამატება, არ მგონია, რაიმე ელექტორალურ ღირებულებას ატარებდეს, ეს პარტიები თვითონ უნდა წარმოადგენდნენ რამეს პოლიტიკურად
ჰერმან საბო - ძიძიგურისა და მარგველაშვილის დამატება, არ მგონია, რაიმე ელექტორალურ ღირებულებას ატარებდეს, ეს პარტიები თვითონ უნდა წარმოადგენდნენ რამეს პოლიტიკურად

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პარტიები ვის დაიმატებენ ან მოიკლებენ, რადგან არანაირ იდეოლოგიურ ღირებულებას არ იმატებენ, რაღაც სახეების ერთობაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ „ლელოს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა, გარდა ამისა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სიის ერთ-ერთი წევრი ზვიად ძიძიგურია.

როგორც ჰერმან საბო აცხადებს, პარტიები ადამიანებს იმის მიხედვით იმატებენ, რამდენად ცნობს მათ ხალხი, და არა იმით, ეთანხმება თუ არა გიორგი მარგველაშვილი იდეოლოგიურად „ლელოს“ ან ზვიად ძიძიგური  – ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

„არანაირ იდეოლოგიურ ღირებულებას არ ამატებენ, უბრალოდ რაღაც სახეების ერთობაა. უმეტესობა, ვისაც იმატებენ, არის შერჩეული ერთადერთი კრიტერიუმით – რამდენად ცნობენ ადამიანები. და არა იმით, მარგველაშვილი იდეოლოგიურად ეთანხმება თუ არა „ლელოს“ ან ძიძიგური ყოფილ პრემიერს. არც ახალი სახეები არიან დიდად, თუმცა არა, სიმართლე უნდა ითქვას, ერთადერთ ახალ სახედ თუ ვინმე შეიძლება მოინათლოს, ალბათ ბატონი მარგველაშვილია. ის იმდენად უღიმღამო პრეზიდენტი იყო, რომ დიდად არავის ახსოვს, რომ პოლიტიკაში იყო ჩართული. არ მგონია, ძიძიგურის და მარგველაშვილის წინ წამოწევა და დამატება, რაიმე ელექტორალურ ღირებულებას ატარებდეს. ეს ხალხი თვითონ უნდა წარმოადგენდნენ რამეს პოლიტიკურად და თავისი ელექტორატი უნდა ჰყავდეთ, რომ ვინმეს რამე ხმები დაუმატონ. ვინმე ბებოს შეიძლება ნანახი ჰყავდეს ტელევიზორში და სიაში რომ დაინახავს, იტყვის, ნაცნობი ხალხია, მაგრამ ამის გამო ხმა როგორ უნდა მოიმატო, არ მესმის. ხმა შეიძლება, მოიმატო იმის ჩვენებით, თუ რა გინდა, როგორი უკეთესი საქართველო წარმოგიდგენია, რას შეცვლი, რით ხარ უკეთესი“, – განაცხადა ჰერმან საბომ.