ჰერმან საბო - დარწმუნებული ვარ, ნატო-ს სამიტზე უფრო რეალისტურად შეხედავენ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც საქართველო უკვე ასწლეულზე მეტია, დგას
დარწმუნებული ვარ, ნატო-ს სამიტზე უფრო რეალისტურად შეხედავენ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც საქართველო უკვე ასწლეულზე მეტია, დგას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.
ჰერმან საბოს შეფასებით, აღნიშნულ სამიტს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის კუთხით უფრო მეტი პრაქტიკული შედეგი ექნება.
„მიმდინარე ომმა ევროპელ მეგობრებს რაღაცები გადააფიქრებინა, ახლიდან გააზრებინა. დარწმუნებული ვარ, ამ სამიტზე უფრო რეალისტურად შეხედავენ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც საქართველო უკვე ასწლეულზე მეტია, დგას და რომლის საფრთხეც უკრაინაში შეიძლება, აწი იყოს. ამიტომ მგონია, რომ ამ სამიტს ექნება უფრო მეტი პრაქტიკული შედეგი იმ ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, ვინც დღეს რუსეთის საფრთხის ქვეშ არის – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა.
ზოგადად, ევროპული ბიუროკრატია არის ძალიან ნელამოქმედი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონფლიქტმა შეიძლება, დააჩქაროს ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში, ეს მაინც თვეების და წლების საქმეა. ევროკავშირისგან ნაკლებ ქმედით ნაბიჯებს ველოდები, ვიდრე ნატო-სგან, მაგრამ ევროკავშირისგან მივიღებთ კიდევ ერთხელ იმ მესიჯებს, რომ მათი კარი ღიაა და ევროკავშორში ჩვენი მიღება იქნება ბევრად სწრაფი, ვიდრე ეს იქნებოდა რომ არა რუსეთის ის აგრესია, რასაც ახორციელებს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
ბრიუსელში დღეს ნატო-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართება.