ჰერმან საბო - არ მგონია, პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ასეთი შეწყალება არ იქნება დეესკალაციის და დეპოლარიზაციის მხარდამჭერი
არ მგონია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი შეწყალება არ იქნება დეესკალაციის და დეპოლარიზაციის მხარდამჭერი, ქალბატონი პრეზიდენტი ამას ხვდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
საბოს თქმით, ზურაბიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, თუ დაინახავს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პირად დაინტერესებას გადალახავენ, მზად იქნებიან, ითანამშრომლონ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და დიდი შერიგების ნაწილში მოახერხონ ერთმანეთთან დაახლოება.
„თუ დაახლოების ნიშნები ვერ დაინახა ქალბატონმა პრეზიდენტმა, მაშინ არ მგონია, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას. პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარია. მის მაღალჩინოსნებს ადრეც გაუკეთებიათ განცხადება სააკაშვილის, მათ შორის, ჰუმანიტარული მიზნით პოლონეთში გადაყვანაზე, ასე რომ, რამე განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ასეთი, თუნდაც უხერხულობა შეიქმნა. დიახ, ქალბატონ პრეზიდენტს აქვს ეს ბერკეტი, მაგრამ, კონტექსტიდან გამომდინარე, არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული ოპოზიციონერია. ის, ერთი მხრივ, შეიძლება, არ მიდიოდეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და მეორე მხრივ, ხედავდეს, რომ ასეთი შეწყალება ახლა, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შერიგების გარეშე იქნება სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციის მიზეზი. ასე რომ, ლოგიკურია ორივე მხრიდან მისი ქმედება, რომ არ იწყალებს სააკაშვილს“, – განაცხადა საბომ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.