ჰერმან საბო - ახალი სახალხო დამცველის მიმართ დიდი მოლოდინი არ მაქვს, ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანს, ვინც არსებულ მდგომარეობაში შეასრულებს თავის ფუნქციას
„გირჩის“ წევრის ჰერმან საბოს განცხადებით, ახალი სახალხო დამცველის მიმართ დიდი მოლოდინი არ აქვს, რადგან ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი.
თუმცა, ჰერმან საბოს თქმით, შერჩევის პროცესი დაწყებულია და საინტერესოა, გამოჩნდება თუ არა ისეთი კანდიდატი, რომელიც თავის ფუნქციას შეასრულებს.
„სინამდვილეში, სახალხო დამცველი არის იმიტაცია, რომ ქვეყანაში იყოს რაიმე ინსტიტუტი, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ. ეს ინსტიტუტი შექმნილია იმისთვის, რომ რა დანაკლისებიც გვაქვს მართლმსაჯულებაში, თითქოს ის უნდა ამოვავსოთ სახალხო დამცველით. პირადად მე ძველი ან ახალი სახალხო დამცველის მიმართ დიდი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანს, რამდენადაც კომპეტენტური არ უნდა იყოს, ვინც არსებულ მდგომარეობაში შეასრულებს იმ ფუნქციას, რა ჩანაფიქრიც არსებობს სახელმწიფოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამ ინსტიტუტის მიმართ სკეპტიკურად ვართ განწყობილი, მაგრამ ვინაიდან პროცესი დაიწყო, საინტერესოა. არ ვიცი, შეიძლება, ჩვენ ვცდებით და ვინმე ისეთი გამოჩნდეს, ვინც სიტუაციას იდეალურად მოერგება და თავის ფუნქციას შეასრულებს“, – განუცხადა ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს.
საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს დღეიდან იწყებს. როგორც აღინიშნა, სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებები 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.