ჰერმან საბო - აკაკი ოჩიგავას საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ მიკვირს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ხდებოდა
„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო აცხადებს, რომ აკაკი ოჩიგავას საქმეს არ იცნობს, მაგრამ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ უკვირს.
საბოს განცხადებით, სააკაშვილს მმართველობის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ხდებოდა, თუმცა, მისივე თქმით,„ქართულმა ოცნებამაც“ იგივე სისტემა გადაიბარა.
„სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი გახმაურებული ცუდი საქმე იყო, როდესაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ხდებოდა. ეს არის სწორედ მის მიმართ პრეტენზია, მაგრამ იგივე პრეტენზიაა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ მან ის სისტემა გადაიბარა. შეიძლება, ცოტა უფრო რბილად იყენებს, მაგრამ შესაძლებლობები აბსოლუტურად იგივე აქვს, რაც სააკაშვილის სისტემას. ჩვენი მხრიდან ორივეს კრიტიკა ამაზე დგას“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენჯერმე.