ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური - ყველაფერს გავაკეთებთ ისრაელის წინააღმდეგ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, „ჰეზბოლამ“ თუ ეს ჯერ ვერ გაიგო, მათი მიმართულებით დარტყმები ისევ განხორციელდება
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის, ჰერცი ჰალევის განცხადებით, სამხედროები ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის კარგად არიან მომზადებული.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ისრაელის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად. ჩვენ უსაფრთხოდ დავაბრუნებთ მოსახლეობას საკუთარ სახლებში და თუ „ჰეზბოლამ“ ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგო, მაშინ მათი მიმართულებით დარტყმები ისევ განხორციელდება, ვიდრე ამას არ გაიგებენ“, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ სატელევიზიო მიმართვაში.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი შესაძლებლობა აქვთ დარტყმების განსახორციელებლად, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ.
გასულ კვირას ისრაელმა იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე, ხოლო ლიბანურმა შიიტურმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთს რაკეტებით შეუტია.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შაბათს დაახლოებით 290 სამიზნეზე განახორციელეს დარტყმა, მათ შორის „ჰეზბოლას“ ათასობით სარაკეტო გამშვებ დანადგარზე და დასძინეს, რომ განაგრძობენ სხვა სამიზნეების დაბომბვას.