ჰერალდიკის საბჭო ინიციატივით გამოდის, პირველი რესპუბლიკის დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ინიციატივით გამოდის, პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს – ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორმა, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა გონგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, წელს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. მიღებული იქნა დეკლარაცია და ხელმოწერილია 1918 წლის 26 მაისს. ჩვენი ინიციატივაა, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს ანუ ძველ დროშასა და გერბს მიენიჭოს ისტორიული მემკვიდრეობის განსაკუთრებული სტატუსი და იქნას დაცული ისე, როგორც უნდა იყოს დაცული სახელმწიფო დროშა“, – აღნიშნა მამუკა გონგაძემ.
მამუკა გონგაძემ სახელმწიფო დროშის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი დროშა ადასტურებს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტატუსი ჰქონდა და ევროპის ნაწილი იყო.
„ეს დროშა აღმართულია ევროპული ცივილიზაციის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში – ქალაქ სევასტოპოლზე, ქალაქ სოხუმზე და ქალაქ თბილისზე“, – განაცხადა მამუკა გონგაძემ.
საზეიმო მიღებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ელდარ შენგელაიამ.
„ჩვენი დროშა მსოფლიოში მეორე დროშაა თავისი სიძველით და თითქმის 15 წელი დასჭირდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სანამ მას მოვიძიებდით და ისევ დავადგენდით საქართველოს სახელმწიფო დროშად“, – განაცხადა ელდარ შენგელაიამ.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში საზეიმო მიღება გამართა.
ღონისძიებაზე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები გამოიფინა.
გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმიდან და ბიბლიოთეკიდან მოპოვებული საზღვაო რუკები, რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით არის გამოსახული.