ჰენრიკ ჰოლოლეი - საქართველოში ტრანსპორტის ყველა მიმართულება ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის
ჰენრიკ ჰოლოლეი - საქართველოში ტრანსპორტის ყველა მიმართულება ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის

ვროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის, ჰენრიკ ჰოლოლეი განცხადებით, საქართველოში ტრანსპორტის ყველა მიმართულება პრიორიტეტულია და ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის. ეს განცხადება ჰენრიკ ჰოლოლეიმ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება, 28 ნოემბერს ის მონაწილეობას მიიღებს პანელში „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“, ამასთან, ის შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის წევრებთან. ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი საქართველოსთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს დადებითად აფასებს.

„მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით ღრმა და მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ჩვენ ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ. საქართველო ამჟამად ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გრანდიოზული პროექტს ახორციელებს – აქ შენდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ანაკლიის პორტი, რომელის ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია. აღსანიშნავია, ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. შესაბამისად, ტრანსპორტის ყველა მიმართულება პრიორიტეტულია და ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის“, – აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

მისი ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო, თუ რა სახის დახმარება შეიძლება ევროკავშირმა შესთავაზოს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ასევე – როგორ უნდა იმოქმედონ ერთობლივად საქართველო და ევროკომისიამ, რათა ყველა ეს პროექტი წარმატებული იყოს.

„ასევე იმისათვის, რომ საქართველომ, როგორც საიმედო პარტნიორმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის ურთიერთობებში როგორც ლოგისტიკური, ისე ტრანზიტის (გადაზიდვების, ტრანსპორტირების) კუთხით“, – აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.