ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზების ხარჯები ფინეთის მთავრობამ დაფარა
ჰელსინკიში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზების ხარჯები ფინეთის მთავრობამ დაფარა.
როგორც ფინეთის სამაუწყებლო კომპანია Yle იტყობინება, ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა იუჰა სიპილამ განაცხადა.
ფინეთის პრემიერის თქმით, ჰელსინკიში 1500 ჟურნალისტის ჩასვლა მთავრობას საკმაოდ იაფი დაუჯდა, თუ გავითვალისწინებთ საზღვარგარეთ ფინეთის იმიჯის გაუმჯობესებას.
სიპილას კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მოვლენამ ფინეთის რეპუტაცია გააძლიერა, პრეზიდენტები კი შეხვედრით კმაყოფილები ჩანდნენ.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა ჰელსინკიში 16 ივლისს გაიმართა. ლიდერები ორი საათის განმავლობაში ერთმანეთს პირისპირ ესაუბრებოდნენ, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს.
შეხვეედრისთვის ჰელსინკიში უკიდურესად გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები მოქმედებდა.