ჰელსინკიში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ჰელსინკიდან იუწყება, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში 13:00 საათზე დაიწყება.
პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, გაიმართება აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. ასევე, დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები. საღამოს კი გაიმართება ტრამპისა და პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია.
მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის არის აშშ-ის და რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე სირია და უკრაინა.
დონალდ ტრამპი ჰელსინკიში გუშინ საღამოს პირველ ლედი მელანია ტრამპთან და დელეგაციის წევრებთან ერთად ჩავიდა. მათ შორის არის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ჰელსინკიში დღის 12:00 საათისთვის ჩავა.
მანამდე დონალდ ტრამპი პირველ შეხვედრას ფინეთის ლიდერთან, საული ნიინისტესთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ეს ტრამპისა და პუტინის რიგით რიგით მესამე შეხვედრაა, თუმცა აშშ-ისა და რუსეთის ამ დონის სამიტი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ არ გამართულა.
ჰელსინკიში იმყოფება პირველი არხის გადამღები ჯგუფი და შეხვედრის შესახებ ინფორმაციას განახლებად რეჟიმში მოგაწვდით.