ჰელსინკის კომისიის მრჩეველი - ბიბილოვი და წინამორბედები აცხადებდნენ, რომ ანექსია ახლოს იყო, ახლა საქმე შესაძლოა, სხვაგვარად იყოს, თუმცა არ ვუწოდებდი გადაწყვეტილ დასკვნას
ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე აცხადებს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება წლების განმავლობაში რეგულარულად აცხადებდა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს, თუმცა ახლა რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, მოვლენები შესაძლოა, სხვაგვარად განვითარდეს. ამის შესახებ ანალიტიკოსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ბიბილოვი და მისი წინამორბედები წლების განმავლობაში რეგულარულად აცხადებდნენ, რომ ანექსია ახლოს იყო. ცხადია, რეგიონული სიტუაციის გათვალისწინებით, ახლა საქმე შესაძლოა, სხვაგვარად იყოს, თუმცა მე არ ვუწოდებდი ამას წინასწარ გადაწყვეტილ დასკვნას“, – წერს ექსპერტი.
მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე ჰელსინკის კომისიაში სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონულ საკითხებზე მუშაობს.