ჰელსინკის კომისია - ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები
ჰელსინკის კომისია - ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, აირჩიონ თავიანთი ლიდერები დემოკრატიულად, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

„ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქართველმა ხალხმა აჩვენა ერთგულება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, აირჩიონ თავიანთი ლიდერები დემოკრატიულად. საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები თავისი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, დამოუკიდებელი დამკვირვებლების მონიტორინგით და პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მათი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „სექტემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ზომების ფართო სპექტრი გამოაცხადა, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს საქართველოს მთავრობის წევრებისა და სხვა პირებს, ვინც ძირი გამოუთხარა საქართველოს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს“.

„მაისში ჰელსინკის კომისიამ წარადგინა „მეგობარი აქტი”, ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანია საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების გავლენას, განსაკუთრებით, რუსეთის. კანონპროექტი ორპარტიულად დამტკიცდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და ახლა წარმომადგენელთა პალატაში ელის დამტკიცებას“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები არიან ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, კონგრესმენები სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი, მარკ უიზი და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დაფნა რენდი.