ჰელმუტ შოლცი - შანსი დიდია საქართველოსთვის, რომელიც სწორი მიმართულებით ვითარდება, გაფართოება ორმხრივი პროცესია, ქვეყანამ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, ასევე ევროკავშირმა
შანსი ძალიან დიდია საქართველოსთვის, რომელიც სწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვა ისაა, ქართველი ხალხი რამდენად აცნობიერებს, ინტეგრაცია რას გულისხმობს. მეორე მხრივ, ევროკავშირიც უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის, რადგან თავად ინსტიტუციაში იქნება ორგანიზაციული ცვლილებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჰელმუტ შოლცმა განაცხადა.
მისი თქმით, გაფართოება ორმხრივი პროცესია, საქართველო უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის, საშინაო დავალება შეასრულოს, ისევე როგორც თავად ევროკავშირმა. ჰელმუტ შოლცის განმარტებით, ყველას ვალდებულებაა, მოემზადონ გაფართოებისთვის.
„ძალიან ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდა ევროპის პოლიტიკაზე მიმდინარე პროცესებზე, ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნების მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. რასაკვირველია, ქვეყნების ამოცანაა, გახდნენ სრული წევრები, მაგრამ კოლეგებს გულწრფელად ვუთხარი, რომ არ მომწონს ასოცირებული წევრების იდეა. ჩვენ ან რეალურად მზად ვართ და აქტიურად ვემზადებით, რომ ახალ წევრებს ჰქონდეს აქტივობების შესაძლებლობა, გახდნენ სრულფასოვანი წევრები, რადგან საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოქალაქეების მოლოდინებს უკავშირდება და მთავარი არის საზოგადოება, მათ უნდა თქვან, ეს რას ნიშნავს მათთვის, ვინაიდან ყველა კანონი, რომელიც ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე მივიღეთ ევროკავშირში, გავრცელდება საქართველოზე, უკრაინაზე, სერბეთსა, თუ სხვებზე. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ თანამშრომლობისთვის და ხალხი უნდა აცნობიერებდეს, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა. ამიტომ ყველას ვალდებულებაა, მოემზადონ ასეთი ტიპის გაფართოებისთვის. იმედია, იქნება ერთგულება გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის, ევროკომისიისა და საბჭოს მიერ გამოხატული მზაობის შემდეგ, არ უნდა ვითამაშოთ და ევროპარლამენტი დარწმუნებულია, რომ ეს გაფართოება უნდა მოხდეს ღრმა, დემოკრატიული სტრუქტურით, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად და ყველა კრიტერიუმის იმპლემენტაციით, იქნება ეს სახელმწიფო კანონმდებლობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა მოსაზრებების გაცვლა ქართველ კოლეგებთან. შანსი ძალიან დიდია საქართველოსთვის, რომელიც სწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვა ისაა, ქართველი ხალხი რამდენად აცნობიერებს, ინტეგრაცია რას გულისხმობს. და მეორე მხრივ, ძალიან ღიად უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ამ გაფართოებისთვის, რადგან თავად ინსტიტუციაში იქნება ორგანიზაციული ცვლილებები. ასე რომ, გაფართოება ორმხრივი პროცესია, საქართველო უნდა მოემზადოს ამ გაფართოებისთვის, საშინაო დავალება უნდა შეასრულოს, ისევე როგორც თავად ევროკავშირმა. ასე მარტივად არ დგას საკითხი, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვთქვათ, მოდი, გავაკეთოთ, უნდა გავაცნობიეროთ შედეგები“, – განაცხადა ჰელმუტ შოლცმა.