ჰელმანდის პროვინციაში ავიაიერიშის შედეგად „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ავიაიერიშის შედეგად რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი, მულა მოჰამად რაჰიმ მანანი მოკლეს. ავღანური გამოცემა Tolo News-ის ინფორმაციით, მულა აბდულმანანი „თალიბანის“ სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი და ჰელმანდის პროვინციის დანიშნული მმართველი იყო.
საერთაშორისო კოალიციის და ავღანეთის არმიის ერთობლივი სპეცოპერაციის დროს, „თალიბანის“ ლიდერზე იერიში უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელდა. საჰაერო დაბომბვის შედეგად მულა აბდულმანანთან ერთად, „თალიბანის“ კიდევ ოთხი მებრძოლი მოკლეს. რადიკალურმა მოძრაობამ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და ლიდერის დაღუპვა დაადასტურა.