„ჰეინეკენი“ რუსეთის ბაზრიდან გადის. კომპანიის ზარალი დაახლოებით 400 მილიონ ევროს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ჰოლანდიურმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ დღეს მიიღო. მანამდე, „ჰეინეკენში“ აცხადებდნენ, რომ რუსეთში ახალი ინვესტიციების დაბანდებას და პროდუქციის ექსპორტს შეაჩერებდნენ.
„ჩვენ დავასკვენით, რომ „ჰეინეკენის“ ბიზნესი რუსეთში აღარ არის მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი“, – ნათქვამია „ჰეინეკენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჰეინეკენი“ რუსეთში სიდიდით მესამე ლუდსახარშია. ის ფლობს ისეთ რუსულ ბრენდებს, როგორიცაა „ბოჩკაროვი“, „ოხოტა“ და „ტრი მედვედა“.
კომპანიაში განაცხადეს, რომ „ჰეინეკენი“ რუსული ბაზრიდან ყველა წესის დაცვით გავა და წლის ბოლომდე 1800 თანამშრომელს ხელფასს გადაუხდიან.
რუსეთის ბაზრიდან გასვლის შედეგად „ჰეინეკენის“ ზარალი 400 მილიონ ევროს მიაღწევს.
როგორც „როიტერი“ წერს, „ჰეინეკენის“ გადაწყვეტილების შედეგად ზემოქმედება გაძლიერდება ლუდის დანიურ მწარმოებელ „კარლსბერგზე“, რომელიც უდიდესი რუსული ლუდსახარშის – „ბალტიკას“ მფლობელია. „კარლსბერგი“ რუსული ბაზრის 27.9%-ს ფლობს. კომპანიაში უკვე განაცხადეს, რომ რუსეთში ბიზნესის გაგრძელების შესახებ მსჯელობენ.