ჰეიკო მაასი - გერმანია ევროპაში ბირთვული რაკეტების განთავსების წინააღმდეგია
გერმანია ევროპაში ბირთვული რაკეტების განთავსების წინააღმდეგია. ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა გააკეთა.
დიპლომატის თქმით, თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ ბირთვული იარაღის რაოდენობის გაზრდა პრობლემების მოგვარების არასწორი გზაა.
„ევროპა არ უნდა იქცეს ბირთვული იარაღის რაოდენობის ზრდის საკითხზე დებატების არენად. საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების განთავსება გერმანიაში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს ცივი ომის დროინდელი ლოგიკაა. 80-იანი წლების პოლიტიკა თანამედროვე გამოწვევების დაძლევაში ვერ დაგვეხმარება“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ი ამტკიცებს, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია არღვევს საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას. საპასუხოდ ვაშინგტონი ამ შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. ნოემბერში ვაშინგტონმა კრემლს სიტუაციის გამოსასწორებლად სამთვიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვალში ამოიწურება. რუსეთი აშშ-ის ბრალდება უარყოფს და თავის მხრივ შეთანხმების დარღვევაში ნატო-ს სდებს ბრალს.
კრემლში ამბობენ, რომ ალიანსს არ ჰქონდა უფლება, ანტისარაკეტო სისტემის ელემენტები რუმინეთში განეთავსებინა.