ჰეიკო მაასი - ევროკავშირმა საქართველოსა და უკრაინას ახალი აღმოსავლური პოლიტიკის ინიციატივები უნდა შესთავაზოს
ევროკავშირს ახალი აღმოსავლური პოლიტიკა სჭირდება, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ინიციატივებს შესთავაზებს, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში, ევროკავშირის განვითარების გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
„ახალმა აღმოსავლურმა პოლიტიკამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს, მაგალითად საქართველოს და უკრაინას, რომლებიც ჩვენსავით ევროპულად ფიქრობენ და გრძნობენ თავს, ახალი წინადადებები უნდა შესთავაზოს“, – აღნიშნა ჰეიკო მაასმა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ახალი აღმოსავლური პოლიტიკის საჭიროება აშშ-სა და რუსეთს შორის არსებულ „სახიფათო დუმილს“ უკავშირდება და ინიციატივამ ყველა ევროპელის ინტერესების შესაბამისად, რუსეთთან თანამშრომლობის საშუალებები უნდა გამონახოს.
ჰეიკო მაასმა ასევე აღნიშნა, რომ ახალმა აღმოსავლურმა პოლიტიკამ ყველა ევროპელის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს და უსაფრთხოების სფეროს, ეკონომიკურ თანამშრომლობას და კულტურულ ურთიერთობებს შორის ბალანსი დაიცვას.