ჰარი კამიანი - აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეაჩეროს უგუნური კიბერთავდასხმები საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერშეტევას, – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰარი კამიანმა, ვენაში, მუდმივი საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.
კამიანის თქმით, 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამანადგურებელი თავდასხმა, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა განახორციელა.
აშშ-ის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტმა შეაჩერა ათასობით სამთავრობო და კერძო ვებვერდი, ხელი შეუშალა სულ მცირე, ორი მთავარი ტელევიზიის მაუწყებლობას, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა საქართველოს მოსახლეობაზე.
„ეს კიბერშეტევა აშკარად ეწინააღმდეგება რუსეთის პოზიციას, რომ ის არის პასუხისმგებლიანი მოთამაშე კიბერსივრცეში და წარმოადგენს რუსული სადაზვერვო სამსახურის უგუნური კიბეროპერაციების ნიმუშს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ოპერაციები მიზნად ისახავს დანაწევრებას, დაუცველობის შექმნას და დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვას. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეაჩეროს უგუნური კიბერთავდასხმები საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე. კიბერსივრცეის სტაბილურობა დამოკიდებულია ერების პასუხისმგებელ ქცევაზე. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, გავაგრძელებთ მცდელობებს, დავიცვათ კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქცევის საერთაშორისო ჩარჩო. შეერთებულმა შტატებმა ასევე აღუთქვა მხარდაჭერა საქართველოს და მის ხალხს, რადგან ის აძლიერებს თავის კიბერ უსაფრთხოებას და უპირისპირდება მავნე კიბერაქტორებს. ჩვენ შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ტექნიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და ქართველების უნარს, დაიცვან თავი ამ ტიპის მავნებლური ქმედებებისგან და რეაგირება მოახდინონ ეფექტური გზით, რომელიც პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას“ – აღნიშნა ჰარი კამიანმა.
ეუთო-ში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, რასაც საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა, საქართველომ 12 წლის განმავლობაში გაუძლო ტერიტორიული მთლიანობის განუწყვეტელ დარღვევას და მის მცდელობას, რომ ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ განვითარებას.
„ფაქტია, რომ რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებას, რომ აწარმოოს დაუნდობელი კამპანია საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ცდილობენ თავიანთი დემოკრატიის გაძლიერებას და ევროპასთან ინტეგრაციას. შეერთებული შტატები უერთდება მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობას, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულებების დარღვევაში და ასევე წინააღმდეგობაში რუსეთის მრავალჯერადი მცდელობების მიმართ, ძირი გამოუთხაროს ქვეყნების სუვერენიტეტს, დაამახინჯოს სიმართლე და გადაწეროს ისტორია. შეერთებული შტატები მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს უფლებას, თავისუფალი იყოს რუსეთის კიბერშეტევებისგან და შევინარჩუნოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონში რუსული მავნებლური გავლენის არსებობის ფონზე. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ვალდებულებას, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა ეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰარი კამიანმა.