ჰანტერ ბაიდენს გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტებზე ფედერალური ბრალი წაუყენეს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს გადასახადებისგან თავის არიდების გამო ფედერალური ბრალი წაუყენეს.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის შვილმა „ინდივიდუალურად მიიღო შვიდ მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი“ 2016 წლიდან 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, მაგრამ „განზრახ არ გადაიხადა 2016, 2017, 2018 და 2019 წლების გადასახადები დროულად, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა თანხები ამ გადასახადების გადასახდელად“.
პროკურორები ამტკიცებენ, რომ მან ფული დახარჯა „ნარკოტიკებზე, ძვირად ღირებულ სასტუმროებსა და მანქანებზე, ტანსაცმელსა და სხვა ნივთებზე, ყველაფერზე, გადასახადების გარდა“.
საგადასახადო საქმეში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჰანტერ ბაიდენს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის მიმართ გამოძიება გრძელდება.
თეთრ სახლს ახალ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ჰანტერ ბაიდენი სასამართლოში.