ჰანტერ ბაიდენი - დღეს უფრო მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღე, ვიდრე იმედგაცრუებული ვარ განაჩენით
დღეს უფრო მადლობელი ვარ, ვიდრე იმედგაცრუებული, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰანტერ ბაიდენის განცხადებაში, რომელიც მან გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ გაავრცელა.
„დღეს უფრო მადლობელი ვარ იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და საზოგადოებისგან მივიღე გასული კვირის განმავლობაში, ვიდრე იმედგაცრუებული ვარ შედეგით“, – ნათქვამია ჰანტერ ბაიდენის განცხადებაში.
ამასთან, ჰანტერ ბაიდენის ადვოკატმა, ები ლოუელმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია განაჩენით.
„ჩვენ პატივს ვცემთ ნაფიც მსაჯულთა პროცესს და როგორც ამას ვაკეთებდით ამ დროის განმავლობაში, განვაგრძობთ ყველა იურიდიულ გამოწვევასთან გამკლავებას, რომელიც ხელმისაწვდომია ჰანტერისთვის“, – აღნიშნა ლოუელმა.
აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი ნაფიც მსაჯულებმა სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს, „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას აღარ მოიხმარდა. კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია. ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.