ჰამბურგის თეატრი ქართველი ავტორის რომანით თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ეწვევა
თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ნინო ხარატიშვილის ცნობილი რომანის სასცენო ადაპტაცია იქნება ნაჩვენები. ინფორმაციას ფესტივალის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადაპტირებული ვერსიის ავტორები იულია ლოხტე და ემილია ლინდა ჰაინრიჰი არიან, რეჟისორი კი იეტე სტეკელია. სპექტაკლის კოსტიუმების დიზაინი პაულინ ჰიონერს ეკუთვნის, ქორეოგრაფია იოჰან სტეგელს, ხოლო მუსიკალური გაფორმება მარკ ბადურს.
სპექტაკლს ჰამბურგის თეატრის დასი წარმოადგენს.
„მერვე სიცოცხლე (ბრილკასათვის)“ ნინო ხარატიშვილის ცნობილი რომანია. ავტორი 1983 წელს დაიბადა თბილისში, გერმანულად წერს და ჰამბურგში ცხოვრობს. ის მაგიური რეალიზმით ჰყვება ამბავს ისტორიის ქარტეხილებთან შეგუების, ღალატისა და წინააღმდეგობის, სიყვარულის, სიცოცხლის, გადარჩენის ჟინის შესახებ. ავტორი მოგვითხრობს კომუნისტური რეჟიმის აღზევებისა და დაცემის შესახებ. თხრობა რევოლუციის ხანიდან იწყება და ევროპის ახალი აღდგინების წლებს მოიცავს – ესაა ერთი ქართული ოჯახის პერსპექტივიდან დანახული ამბავი; ოჯახისა, რომელიც ისტორიის მახეშია მოხვედრილი. მის ბედს ქარტეხილებით სავსე, მეოცე საუკუნის მოტანილი ტოტალიტარიზმი, საზოგადოებრივი რყევები და ტრაგედიები განსაზღვრავს.
სპექტაკლი 23 სექტემბერს იქნება ნაჩვენები. თბილისის თეატრალური ფესტივალი 14-დან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.