„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი სამოქალაქო თავდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი სამოქალაქო თავდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ბიბისი“ წერს, იერიშის შედეგად დაზიანდა სკოლა, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირები აფარებდნენ თავს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე იყო „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი, რომელიც სკოლის შენობაში იყო მოწყობილი.
მანამდე ისრაელის არმიამ გაავრცელა ცნობა, რომ მათ დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმისას გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, ღაზის სექტორში ომი უკვე 10 თვეა, გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით რეგიონში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც კაიროში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ისრაელმა მხარი დაუჭირა გასულ კვირას შუამავლების მიერ დოჰაში წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების პალესტინელ პატიმრებზე გაცვლას ითვალისწინებს. თუმცა „ჰამასი“ ამ წინადადებას არ თანხმდება და აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა, რაც ღაზის სექტორის საზღვრებზე სამხედრო წარმომადგენლობის შენარჩუნებას ითვალისწინებს და ეს „ჰამასის“ წევრებისთვის მიუღებელია.