„ჰამასის“ მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ არავინ იცის, 7 ოქტომბერს გატაცებული ისრაელელი მძევლებიდან რამდენია ცოცხალი
„ჰამასის“ მაღალჩინოსანი ოსამა ჰამდანი „სიენენთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ არავინ იცის, 7 ოქტომბერს გატაცებული ისრაელელი მძევლებიდან რამდენია ცოცხალი.
ოსამა ჰამდანი ახლახან გადარჩენილი ოთხი მძევლის ფსიქიკურ მდგომარეობაში ისრაელს ადანაშაულებს.
ექიმმა განაცხადა, რომ ტყვეები მუდმივ ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას განიცდიდნენ.
„მჯერა, რომ მათ თუ აქვთ ფსიქიკური პრობლემები, ეს იმის გამოა, რაც ისრაელმა გააკეთა ღაზაში. არავის შეუძლია, გაუმკლავდეს იმას, რასაც ისრაელი აკეთებს. ყოველდღე ბომბავს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს ქალებსა და ბავშვებს. მათ ეს საკუთარი თვალით დაინახეს. გატაცებულები ღაზიდან გამოსვლისას უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე გატაცების დროს“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.
ოსამა ჰამდანის თქმით, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე ისრაელი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ შეწყვეტას.
„ჰამასის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა იყო პასუხი ისრაელის მიერ განხორციელებულ ოკუპაციაზე.