„ჰამასი“ - სოლიდარობას ვუცხადებთ ირანს, ვთხოვთ ალაჰს, უზრუნველყოს ირანის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები დელეგაციის უსაფრთხოება, დაიცვას მოძმე ირანელი ხალხი ყველანაირი ზიანისგან
„ჰამასი“ შეშფოთებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო. მედიის ცნობით, ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ამ მტკივნეული შემთხვევის დროს ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მის ხელმძღვანელობას, მთავრობას და ხალხს. ჩვენ ვთხოვთ ყოვლისშემძლე ალაჰს, რომ უზრუნველყოს ირანის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები დელეგაციის უსაფრთხოება. ასევე, დაიცვას ჩვენი მოძმე ირანელი ხალხი ყველანაირი ზიანისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო ჯფუფებმა ჩამოვარდნილი ვერტმფრენი იპოვეს, თუმცა ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და ბორტზე მყოფი სხვა პირების მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.