ჰაკან ფიდანი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შესახებ ისაუბრა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას მოუწოდა, გადადგან გაბედული ნაბიჯები თურქეთის წევრობის მცდელობის წინსვლისთვის.
მედიის ცნობით, ფიდანმა ამის შესახებ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თურქეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი ვერ იქნება ჭეშმარიტად გლობალური აქტორი თურქეთის გარეშე.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყოს გაწმენდილი და აღდგეს გაწევრიანების პერსპექტივა“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი და ევროკავშირი დაიწყებენ მოლაპარაკებებს ანკარასა და ბრიუსელს შორის საბაჟო კავშირის შესაძლო განახლების შესახებ, რომელიც ძალაში 1995 წელს შევიდა.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაური თურქი ბიზნესმენებისა და სტუდენტებისთვის სავიზო შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე.