ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თხოვნით, გერმანიამ რუსეთს 17-ჯერ მიმართა
ბერლინში 2019 წელს მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თხოვნით გერმანიის სხვადასხვა ორგანოებმა რუსეთის ხელისუფლებას საერთო ჯამში 17-ჯერ მიმართეს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამის შესახებ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა.
მაასის თქმით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოსკოვის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. როგორც გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, გერმანიამ რუსეთს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით ოფიციალურად ორჯერ მიმართა, რაზეც არასრული პასუხი მიიღო.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მოსკოვისთვის შესაძლო შედეგებზე საუბრისას, მაასმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ბერლინის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ გერმანული მხარის კითხვების ნაწილზე რუსეთს ინფორმაცია არ გააჩნია.
„რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც ჰაიკო მაასმა აღნიშნა, სამართლებრივი დახმარების ზოგიერთ თხოვნაზე ჩვენ პასუხი გავეცით, ნაწილზე ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ინფორმაცია, როგორც გვაცნობეს ჩვენმა კომპეტენტურმა ორგანოებმა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს სურს, გერმანიისგან მიიღოს ბერლინში მომხდარ მკვლელობასთან რუსეთის კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია.
წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. 2020 წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა.