სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციიდან“ ერთი წლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს კვლავ ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. ამჯერად ფაშინიანი მომხრეებისგან სასამართლოების ბლოკირებას ითხოვს. რა შეიცვალა სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნიდან ერთი წლის შემდეგ, გამართლდა თუ არა მოქალაქეების იმედი და ელის თუ არა სომხეთს ახალი საპროტესტო აქციები, ამ საკითხებზე ვესაუბრეთ სომეხ პოლიტოლოგ ჰაიკ მარტიროსიანს.
შეგიძლიათ დაგვისახელოთ ხუთი მთავარი ცვლილება, რომელიც ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სომხეთში განხორციელდა?
ძალიან რთულია დაასახელო ხუთი რადიკალური ცვლილება, მაგრამ შარშან ნამდვილად ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რასაც წინა დიდი ხანი ვერ ახერხებდა. თუმცა, სისტემური და გარდამტეხი ცვლილებები მაინც არ მოხდა. სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა უცვლელია. ადგილზე რჩებიან მოსამართლეები, რომლებიც ადრე კორუფციაში იყვნენ გარეულები. მართალია, ახლა მათ ქრთამის აღების ეშინიათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სამართლიანობით გამოირჩევიან. ამ მოსამართლეების გამო მმართველ წრეებს სხვადასხვა სფეროში პრობლემები აქვთ. ვერ მოხერხდა კონსტიტუციის შეცვლაც, რომელსაც ფაშინიანი და მისი გუნდის წევრები, სერჟ სარგსიანზე მორგებულს უწოდებდნენ. ე.წ. სუპერ პრემიერის სისტემა უცვლელი დარჩა. ახლა ეს კონსტიტუცია ახალ მთავრობას ემსახურება. მეორე მხრივ, თვალსაჩინო სისტემური კორუფცია, როგორც მას პრემიერ-მინისტრი ეძახის, თითქმის სრულად გაქრა. ყოველ შემთხვევაში, მთავრობის წევრები არ იღებენ ქრთამს და არ არიან გარეულები კორუფციულ სქემებში.
უფრო რომ დავკონკრეტდეთ, რა გაკეთდა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად?
ჩრდილოვანი ეკონომიკა ქრება. ოლიგარქებს არ აქვთ პოლიტიკური ძალაუფლება. ერთი გამონაკლისით – სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გაგიკ წარუკიანი რჩება საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა ძირითადად ოლიგარქები პარლამენტიდან წავიდნენ. ფაშინიანი ძალიან ამაყობს ქვითრების სისტემით. სულ უფრო მეტი ადამიანი ბეჭდავს ქვითარს პროდუქციის გაყიდვისას, შესაბამისად, ხაზინაში მეტი ფული შედის. ბიუჯეტიც გაიზარდა, შემოსავლებმაც იმატა. ახალი მონოპოლიები აღარ იქმნება. ძველები რჩება, რადგან მათ უკვე ჰქონდათ მოპოვებული უპირატესობა ეკონომიკის სფეროში, მაგრამ მათ კონკურენტები გამოუჩნდნენ. ადრე შაქრის იმპორტის შესაძლებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა. ანალოგიური სიტუაცია იყო საწვავის შემთხვევაშიც, რომლის იმპორტსაც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები აკონტროლებდნენ. ახლა ასეთი რამ აღარ ხდება, თუმცა ადამიანების ნაწილი მოპოვებულ უპირატესობას მაინც ინარჩუნებს. სამწუხაროდ, ხალხი ჯერ ვერ გრძნობს ეკონომიკის ცვლილებებს, ბევრი უკმაყოფილოა. უნდა ითქვას, რომ ვიცეპრემიერი, რომელიც ეკონომიკის სფეროს უძღვება, ბანკირია და, ჩემი აზრით, ესეც პრობლემაა. რეფორმატორები, რომელთაც უფრო სოციალური მიდგომები ექნებათ, ჯერ არ ჩანან.
თქვენ ახსენეთ კორუფცია. ჩვენ ვიცით, რომ სომხეთის ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ნაწილი დაკავებულია და ისინი ამტკიცებენ, რომ მათ მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. რამდენად რეალურია ეს?
არანაირი პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. ყველა საქმე კრიმინალს უკავშირდება. ხალხი ამ ადამიანებს კორუფციასა და ძარცვაში ადანაშაულებს. სამწუხაროდ, ციხეში მხოლოდ ორი ადამიანი მოხვდა. არადა გისოსებს მიღმა ბევრი უნდა მოხვედრილიყო და ამის გამო ფაშინიანს აკრიტიკებენ. ყოფილი ხელისუფლების წევრების ნაწილი გაუშვეს იმ მოსამართლეებმა, რომელთაც უკვე აღარ აკონტროლებს ხელისუფლება. ფაშინიანმა უზრუნველყო სასამართლოს დამოუკიდებლობა, თუმცა მისი შეცდომაა, რომ ეს სისტემა არ გაწმინდა. ახლა ის მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული, ათავისუფლებენ ძალიან ბევრ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელთა ნაწილი სომხეთიდან გარბის და მიაქვს ფული.
რაც შეეხება პოლიტიკურ ველს, ჰყავს თუ არა ფაშიანიანს ახლა ძლიერი ოპოზიცია? მაგალითად, რამდენიმე დღის წინ სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ქოჩარიანმა განაცხადა, რომ ის ოპოზიციის მუშაობაში ჩაერთვება…
ქოჩარიანს და მის მხარდამჭერებს ფაშინიანის ოპონენტებს ვერ ვუწოდებთ. ამ ადამიანებს პირადი მოტივები ამოძრავებთ და რევანში სურთ. მათ კლასიკური გაგებით ოპოზიციას ვერ დავარქმევთ. ეს არის ხალხი, რომელთაც მოსახლეობა კორუფციასა და სხვა მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს. ისინი პოლიტიკური ბრძოლის იმიტაციას ცდილობენ, თუმცა ეს ასე არაა და მათ მხოლოდ პირადი მოტივები ამოძრავებთ. ქოჩარიანი ხვდება, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება საკუთარი თავის პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენაა. მეორე მხრივ, ქოჩარიანი და მისი გუნდი, რომელთაც უზარმაზარი რესურსები აქვთ, ცდილობენ პოლიტიკური კავშირი შექმნან. ეს კავშირი რევანშს ეცდება. ეს შეიცავს დიდ საფრთხეს, რადგან ამ ადამიანებს აქვთ დიდი ფული და სცენაზე ახალბედა პერსონაჟები გამოჰყავთ, რომლებიც მათი რეჟიმის დროს ცენტრალურ როლს არ თამაშობდნენ. მათ ბევრი არ იცნობს. ეს დიდი საფრთხის შემცველია, რადგან მხარს ქვეყნის გარეთაც უჭერენ. მაგრამ, ჩემი აზრით, ფაშინიანისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მისი გუნდი კრიტიკას არ იღებს. ფიქრობენ, რომ სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს მათ ვერავინ შეუქმნის.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რა შეიცვალა ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?
გარდამტეხი ცვლილებები არც საგარეო პოლიტიკაში მომხდარა. ფაშინიანი ხელისუფლებაში მოსვლისას ამბობდა, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვა არ იგეგმება. ბოლო პერიოდში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გაკიცხა ამერიკის შეერთებული შტატები და დაიჩივლა, რომ სომხეთის რევოლუციასა და დემოკრატიულ ცვლილებებზე ვაშინგტონში აღფრთოვანების რეაქციები არ ისმის. მეორე მხრივ, ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვთან, ასევე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობები უნდა განმტკიცდეს, თუმცა ეს ურთიერთობა უფრო თანაბარუფლებიანი უნდა გახდეს. რამდენიმე დღის წინ სომხეთში შედგა შეხვედრა, რომლის მონაწილეებმაც სომხეთისა და აშშ-ის დაახლოების შესახებ განაცხადეს, თუმცა ყველა ხვდება, რომ აშშ-სთან უახლოეს მომავალში დაახლოება არ მოხდება. ამასთან, ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემები არის რუსეთთან ურთიერთობებშიც. ფაშინიანი ყველანაირად ცდილობს, აგრძნობინოს მოსკოვს, რომ სომხეთში ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება ურთიერთობებს ევროკავშირთან, ოფიციალური ერევანი აქცენტს უვიზო მიმოსვლის მოხსნაზე აკეთებს, თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა. საერთო ჯამში, ფაშინიანის ადმინისტრაციისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარების ხედვის დანაკლისი. გუნდში პროფესიონალების დეფიციტია, ყველაფერს ფაქტობრივად, ფაშინიანი წყვეტს და, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს საგარეო ურთიერთობებში დიდი გამოცდილება, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა. აქვე უნდა გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ ფაშინიანი ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია ურთიერთობები მეზობელ ირანთან. ჩვენ ვიცით, რომ ფაშინიანის პირველი ვიზიტი საქართველოში შედგა. მთავრობა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს. ახალი მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად უდგება.
ინტერვიუს სრულად ნახვა შესაძლებელია ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.