ჰააგის სასამართლო - დონალდ ტრამპის მიერ სანქციების დაწესების მიზნით ხელმოწერილი განკარგულება კანონის უზენაესობაში ჩარევის მიუღებელი მცდელობაა
ჰააგის სასამართლო - დონალდ ტრამპის მიერ სანქციების დაწესების მიზნით ხელმოწერილი განკარგულება კანონის უზენაესობაში ჩარევის მიუღებელი მცდელობაა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ტრამპის მუქარას „უპრეცედენტო“ უწოდა. ჰააგაში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სანქციების დაწესების მიზნით ხელმოწერილი განკარგულება „კანონის უზენაესობაში ჩარევის მიუღებელი მცდელობაა“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჰააგის სასამართლოს იმ წევრების, რომლებიც ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტებს იძიებს, სანქციები უწესდებათ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განაცხადეს, რომ მსგავსი სანქციები „უპრეცედენტოა“ და „ძირს უთხრის ერთობლივ ბრძოლას დაუსჯელობასთან“.

ჰააგაში ამბობენ, რომ „საერთაშორისო სასამართლოს მიმართ სანქციების დაწესება, ნიშნავს იმ ადამიანების ინტერესებზე თავდასხმას, რომლებიც სასტიკ დანაშაულთა გამო დაშავდნენ და ჰააგის სასამართლო მათთვის სამართლიანობის აღდგენის ბოლო შანსი და ინსტანციაა“.

ტრამპის განცხადებით, სანქციები გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომელთა ფინანსური აქტივების დაყადაღებას, რომლებიც ამერიკელი სამხედროების შესაძლო დანაშაულის ფაქტებს იძიებენ. გარდა ამისა, აღნიშნულ პირებს აშშ დაფინანსებას არ გამოუყოფს და მათ აშშ-ში ჩასვლას აუკრძალავენ. შტატების ტერიტორიაზე ჩასვლა აეკრძალებათ მათ ნათესავებსაც.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ ავღანეთში ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტებს ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა იძიებს. საქმე ეხება 2003-2014 წლებში ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულის ფაქტებს. შესაბამისი გამოძიების ჩატარების ნებართვა მარტში ჰააგის სასამართლომ ოფიციალურად გასცა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯერ კიდევ მარტში აცხადებდა, რომ აშშ მზადაა, მიიღოს „ნებისმიერი ზომა, რათა დაიცვას თავისი მოქალაქეები სასამართლოსგან“. ერთი წლის წინ ვაშინგტონმა ჰააგის სასამართლოს თანამშრომლების აშშ-ში ჩასვლა შეზღუდა.

ვაშინგტონი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ავღანეთი ასევე უარს ამბობს ჰააგასთან თანამშრომლობაზე, თუმცა ამ ორგანიზაციის წევრად რჩება.