ჰააგის სასამართლოს მმართველი ორგანო თავისი მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის წინააღმდეგ გარე გამოძიების დაწყებას სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხზე გეგმავს
ჰააგის სასამართლოს მმართველი ორგანო თავისი მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის წინააღმდეგ გარე გამოძიების დაწყებას სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხზე გეგმავს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მმართველი ორგანო თავისი მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის წინააღმდეგ გარე გამოძიების დაწყებას სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხზე გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორი წყაროზე დაყრდნობით წერს.

წევრი სახელმწიფოებისთვის დაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კარიმ ხანს მოუწოდებენ, გამოძიების მიმდინარეობისას დროებით უარი თქვას ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილებაზე.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დაუთარიღებელი და ხელმოუწერელი დოკუმენტი წევრ სახელმწიფოებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებისგან დაეგზავნათ. მედიის ინფორმაციით, კარიმ ხანის ოფისმა კითხვები მის ადვოკატთან გადაამისამართა, მისმა ადვოკატებმა კი სატელეფონო ზარები და კომენტარის შესახებ თხოვნები უპასუხოდ დატოვეს.

ხანი უარყოფს არამართლზომიერ ქმედებების ბრალდებებს, რის შესახებაც სასამართლოს მმართველ ორგანოს გასულ თვეს აცნობეს. მაშინ მან სასამართლოს შიდა საზედამხედველო ორგანოს სთხოვა ბრალდებების გამოძიება. როგორც სააგენტო „როიტერს“ წყარომ აცნობა, საგარეო გამოძიების ჩატარება შეთანხმდა ხუთშაბათს, სასამართლოს მმართველი ორგანოს მონაწილე სახელმწიფოების ასამბლეის ძრითადი ჯგუფის შეხვედრაზე.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ამჟამად ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები განიხილავენ კარიმ ხანის მიერ მაისში წარდგენილ მოთხოვნას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, მისი თავდაცვის მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერების გაცემასთან დაკავშირებით. ხანი აცხადებდა, რომ არამართლზომიერ ქმედებებში ბრალდებები დაემთხვა მისი ოფისის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას.