გზების დეპარტამენტი ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციას 2020-2021 წლებშიც განახორციელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას 2020-2021 წლებშიც განახორციელებს.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ქუთაისში ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების საავტომობილო გზებს, რომლის ჯამური სიგრძე 14520 მეტრია; რეაბილიტირდება ჩხობაძის ქუჩის III შესახვევში გამავალი საავტომობილო გზის 1400-მეტრიანი მონაკვეთი და დავით და კონსტანტინეს ქუჩისა და ლესელიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5500-მეტრიანი მონაკვეთი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარამდე იქნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020 წელს დაასრულებს ქალაქ ზუგდიდის ცხრა ქუჩის რეაბილიტაციას. სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.
2019 წელს დასრულდა ქუთაისის რამდენიმე ქუჩის (გუგუნავას, შარტავას, ნინოშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის ქუჩების) რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ნიკეასა და სულხან-საბას დამაკავშირებელი გამზირის რეაბილიტაცია. 2020 წელს გაგრძელდება ასევე აღმაშენებლის, წერეთლის, თავისუფლებისა და საიათნოვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზებით შეეძლებათ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში სულ 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს.
ზუგდიდისა და ქუთაისის ქუჩების გარდა, 2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეკვავას ქუჩას და ქალაქ მარტვილის შემოვლითი საავტომობილო გზის 2 კმ-იან მონაკვეთს.