გზამკვლევი - როგორ ვიმოგზაუროთ უვიზოდ ბოსნია და ჰერცეგოვინაში
გზამკვლევი - როგორ ვიმოგზაუროთ უვიზოდ ბოსნია და ჰერცეგოვინაში

​​ბოსნია და ჰერცეგოვინამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებს ყოველ 180 დღეში შეეძლებათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა, ოღონდ იმ პირობით, რომ თითო ვიზიტი 30 დღეს არ აღემატება.

​აქამდე ვიზის აღება საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსულოში უწევდათ. ქვეყანაში შესვლა ასევე შესაძლებელი იყო შენგენის მრავალჯერადი ვიზით.

როგორ ვიმოგზაუროთ ბოსნია და ჰერცეგოვინაში

მოგზაურობის დასაგეგმად ვიზის საკითხების მოგვარება აღარ გჭირდებათ. დროა, შემდეგი ეტაპები დაგეგმოთ – ფრენა, ცხოვრება და ქვეყნის შესახებ დეტალების მოძიება.

ფრენა

თბილისიდან სარაევოს მიმართულებით ორი შედარებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მიფრინავს. პირველი მათგანი “პეგასუსია”, ხოლო მეორე Turkish Airlines.

“პეგასუსზე” თბილისი-სარაევოს მიმართულებით ფრენის ფასი 273$-დან 380$-მდე მერყეობს. ხოლო Turkish Airlines-ზე ფასები შედარებით დაბალია. მაგალითად, თუ თქვენს ფრენას 16 ნოემბერს დაგეგმავთ, ერთი მიმართულებით ფრენის საფასური 262$-დან იწყება, მაშინ როდესაც, იმავე დღეს, “პეგასუსით” ფრენა 273$ დაგიჯდებათ. თუმცა, ფასები მუდმივად იცვლება და თქვენთვის ხელსაყრელი პირობების სანახავად, ორივე ავიაკომპანიის საიტი უნდა შეამოწმოთ.


ორივე ავიაკომპანიის შემთხვევაში, თბილისიდან სარაევოში პირდაპირ ვერ ჩაფრინდებით. ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქში მოსახვედრად სტამბულის გავლით, ტრანზიტული ფრენა მოგიწევთ.

საცხოვრებელი

სარაევოში ღამის გასათევი ადგილის მოსაძებნად ყველაზე მარტივი საშუალება airbnb-ის გამოყენებაა. საიტზე ჰოსტელში ერთი ღამის გატარების საფასური 10$-დან იწყება. ხოლო სახლში ინდივიდუალური ოთახის დაქირავება მინიმუმ 15$-ად შეგიძლიათ. მასპინძლების ნაწილი აეროპორტში დახვედრას და სახლამდე მიყვანასაც გთავაზობთ.

Couchsurfing

​თუმცა, თუ სარაევოში საცხოვრებელ ადგილში თანხის გადახდა არ გსურთ, მაშინ დროა, couchsurfing-ს ესტუმროთ. ეს ერთგვარი სოციალური ქსელია, სადაც ადამიანები ღამის გასათენებელ ადგილს უფასოდ გთავაზობენ.

​ამ დროისათვის couchsurfing-ზე, სარაევოში მცხოვრებ 2 855 მასპინძელს იპოვით.

​რა უნდა ვიცოდეთ ბოსნია და ჰერცეგოვინაზე

ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქია სარაევო. ქართველი ტურისტები, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ ქვეყანაში, ამბობენ, რომ ქვეყანა საკმაოდ ლამაზია და მოგზაურობა ნამდვილად შთამბეჭდავ თავგადასავალს გვპირდება. რაც შეეხება ფასებს, სარაევო სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით საკმაოდ დაბალი ფასებით გამოირჩევა. შედარებისთვის საქართველოც კარგი ვარიანტია, რადგან ჩვენს ქვეყანაში არსებული საბაზრო ფასები ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ფასებს უტოლდება. შესაბამისად, ბიუჯეტის დასაგეგმად ქართული ფასების გათვალისწინება შეგიძლიათ.

​ფოტოების მოსაძიებლად ბუნებრივია Google-ს გამოყენება შეგიძლიათ. თუმცა, ჩვენ პირველი არხის ჟურნალისტის სანდრო ჯუფალაკიანის ფოტოებს შემოგთავაზებთ, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინაში სამი წლის წინ იმყოფებოდა.