GWP-ს გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბაბუხადიას სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 7 ივნისს მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია. მათ შორის, დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე.
„უპრეცედენტო სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, შეგვეზღუდა წყალმომარაგება, რათა რისკის ქვეშ არ დამდგარიყო სასმელი წყლის ხარისხი. წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, გუშინდელი დღიდან კომპანიის მიერ ჩატარდა ყველა აუცილებელი სამუშაო. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა საგურამოს სათავე ნაგებობაზე. გაირეცხა წყალმომარაგების სისტემა და ქსელი, წყლის ხარისხი შემოწმდა ლაბორატორიულად. ამ ეტაპზე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება. კომპანია აგრძელებს აუცილებელ სამუშაოებს სტაბილური წყალმომარაგების აღდგენის მიზნით“, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბაბუხადიამ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს უპრეცედენტო სტიქიით გამოწვეული წყალმომარაგების შეზღუდვის გამო შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.