გვინეაში შეიარაღებულმა პირებმა სამხედრო გადატრიალების დაწყების შესახებ განაცხადეს და ქვეყნის პრეზიდენტი დააპატიმრეს
გვინეაში შეიარაღებულმა პირებმა სამხედრო გადატრიალების დაწყების შესახებ განაცხადეს და ქვეყნის პრეზიდენტი ალფა კონდე დააპატიმრეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მოგვიანებით სამხედროების ნაწილმა სატელევიზიო მიმართვისას ქვეყნის პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა.
ამბოხებული სამხედროების განცხადებით, გადატრიალების მიზეზი ყოვლისმომცველი კორუფცია, არასწორი მართვა და სიღარიბეა.
გვინეის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადატრიალების მცდელობა სამხედროების მცირე ჯგუფს აქვს, არმიის დიდი ნაწილი კი პრეზიდენტის ერთგულია.
სამხედროების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს „შერიგებისა და განვითარების ეროვნულ კომიტეტს“ უწოდებენ, ამბობს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია გაუქმებულია და ახალი, უფრო ყოვლისმომცველი კონსტიტუციის შესადგენად კონსულტაციები დაიწყება.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, გადატრიალებას არმიის ელიტური დანაყოფი აწყობს, რომელსაც ყოფილი ფრანგი ლეგიონერი, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი მამადი დუმბოია ხელმძღვანელობს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჯარისკაცები დაპატიმრებულ პრეზიდენტს მიმართავენ, დაადასტუროს, რომ უვნებელია, მაგრამ პრეზიდენტი არ პასუხობს.
ბუნებრივი რესურსებით მდიდარი გვინეა მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა.