თუ ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც სუპერმარკეტში ან სხვა დახურულ სივრცეში ნიღაბი უკეთია, ვარ თუ არა ინფექციისგან ნამდვილად დაცული?
სიმართლე ის არის, რომ ნიღაბი საუკეთესოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც ის ოთახში ყველას უკეთია. იმიტომ, რომ როდესაც ინფიცირებული ადამიანი პირბადეს ატარებს, ის მისგან ამოსუნთქულ ინფექციურ ნაწილაკთა დიდ ნაწილს აკავებს და ვირუსს წყაროსგან გავრცელების საშუალებას არ აძლევს. როდესაც ოთახში ცოტა, პირბადისგან გაქცეული ვირუსული ნაწილაკი დაფრინავს, ისინი უკვე სხვების პირბადეებმა უნდა დაბლოკონ.
თუმცა, მრავალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ნიღაბი ადამიანს მაშინაც იცავს, როდესაც მის გარშემო სხვა ადამიანებს ის არ უკეთიათ. დაცვის ხარისხი დამოკიდებულია ნიღბის ხარისხზე და კარგად მორგებაზე. მაგალითად, შვეიცარიის ერთ-ერთ სასტუმროში ვირუსის გავრცელებისას, კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდნენ ის თანამშრომლები და სტუმრები, რომლებიც მხოლოდ სახის ფარებს ატარებდნენ, ნიღბების გარეშე. ნიღბიანების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. კიდევ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ იმ საზოგადოებებში, სადაც ნიღბების ტარების მაჩვენებელი მაღალია, დაბალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც.
რამდენიმე ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ნიღაბი მის მტარებელს იცავს, მაგრამ დაცვის დონე დამოკიდებულია პირბადის ტიპზე, მის მასალაზე, ექსპერიმენტულ კონფიგურაციაზე და ნაწილაკების ექსპოზიციის გაზომვის ტიპზე.
თუმცა, ყველა ამ კვლევის საერთო შედეგი ის არის, რომ ნიღაბი მისი მტარებლის ინფიცირების შანსს ამცირებს. გთავაზობთ ამ მიმართულებით ჩატარებული ზოგიერთი კვლევის შედეგს.
• აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ სტანდარტული ქირურგიული ნიღაბი მის მტარებელს სიმულირებული ხველის შედეგად წამოსული ნაწილაკებისგან მხოლოდ 7,5 პროცენტით იცავს. სახეზე კარგად მორგებული სამედიცინო ნიღაბი კი ინფიცირების შანსს დაახლოებით 65 პროცენტით ამცირებს. ქირურგიული ნიღბის ზემოდან ნაჭრის ნიღბის ტარებამ სიმულირებული ხველისგან წამოსული ნაწილაკების შეღწევა 83 პროცენტით შეამცირა.
• ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევამ ნაწილაკის ზომაზე დაყრდნობით შეისწავლა, რამდენად იცავს მტარებელს სახლში დამზადებული ნიღბები, ქირურგიული ნიღბები და სახის ფარები. კვლევამ აჩვენა, რომ ნიღბების უმეტესობა დიდი ნაწილაკებს უნდა ბლოკავდეს, მაგალითად, ცემინებისას წარმოქმნილს. მაგრამ როდესაც მკვლევრები ყველაზე ძნელად დასაბლოკ, პატარა აეროზოლურ ნაწილაკებს დააკვირდნენ, დაცვის დონე ნულიდან 30 პროცენტამდე მერყეობდა სახის ფარისა და ქირურგიული ნიღბის შემთხვევაში. შედეგებზე დაყრდნობით, მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დრეკადი, მჭიდრო ქსოვილისგან დამზადებული ორშრიანი ნიღაბი და საფილტრი მასალა (მაგალითად, ყავის ფილტრი ან ქირურგიული ნიღაბი) კარგ დაცვას უნდა გვთავაზობდეს, 70 პროცენტამდე ამცირებდეს ყველაზე ადვილად შეღწევად ნაწილაკებს და 90 პროცენტამდე იჭერდეს უფრო დიდ ნაწილაკებს.
• ტოკიოში ჩატარებული კვლევისას გატესტეს, რამდენად კარგად იცავდა სხვადასხვა ტიპის ნიღბები მტარებელს ნამდვილი კორონავირუსის ნაწილაკებისგან. კვლევამ აჩვენა, რომ უბრალო ბამბის ნიღაბიც კი სთავაზობს გარკვეულ დაცვას (დაახლოებით 17-27 პროცენტი) მტარებელს. უკეთესი აღმოჩნდა სამედიცინო ნიღბები, მათ შორის ქირურგიული ნიღაბი (47-50-პროცენტიანი დაცვა), თავისუფლად მორგებული N95 ნიღაბი (57-86-პროცენტიანი დაცვა) და მჭიდროდ მორგებული N95 ნიღაბი (79-90-პროცენტიანი დაცვა).
• მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაბორატორიული კვლევა ნიღბებს მანეკენ თავებზე ტესტავს, 2008 წელს ჩატარებულ კვლევაში ნამდვილი ადამიანები გამოიყენეს იმის გასაზომად, რამდენად კარგად იცავდა ნიღბები მტარებელს რესპირატორული ვირუსისგან. კვლევის ობიექტები სხვადასხვა სახის ნიღბებს ატარებდნენ; ნიღბებზე დაყენებული სპეციალური რეცეპტორები ნიღბის ორივე მხარეს ზომავდა ნაწილაკთა კონცენტრაციას. ამ კვლევაში, ნაჭრის ნიღბები ვირუსისგან 60 პროცენტით იცავდა, ქირურგიული ნიღბები 76 პროცენტით, N95 ნიღბები კი 99 პროცენტით.
მართალია, მრავალი ლაბორატორიული ტესტი აჩვენებს, რომ ნიღაბს მტარებლის დაცვა შეუძლია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ნიღბის ეფექტიანობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე; მათ შორის არის, რამდენად შესაბამისად იყენებს მას ხალხი, არის თუ არა პიროვნება მაღალი რისკის სიტუაციაში და ინფექციის მაჩვენებელი საზოგადოებაში.
ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე ეფექტიანია მაღალი ხარისხის სამედიცინო ნიღბები, მაგალითად N95, KN95 ან KF94. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, მკვლევრები ვაქცინირებულ ადამიანებსაც კი ურჩევენ, თავი აარიდონ დახურულ სივრცეში ხალხმრავლობებს, როცა სხვების ვაქცინაციის სტატუსი არ იციან. გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი სხვა ვარიანტებზე გაცილებით მეტად გადამდებია, სპეციალისტები გვირჩევენ, როდესაც დისტანციის დაცვა არ შეგვიძლია ან ვართ ისეთ ღია სივრცეში, სადაც გარშემო ნიღაბი არავის უკეთია, ვატაროთ მაღალი ხარისხის ნიღბები.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.