გველესიანმა დუბლი შეასრულა და „პერსეპოლისს“ ლიდერობა შეუნარჩუნა #1TVSPORT
გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატში თავი უჩვეულო შედეგიანობით გამოიჩინა და დუბლი შეასრულა, ამით კი გუნდს ქულა და ლიდერობა შეუნარჩუნა.
„პერსეპოლისის“ ქართველმა მცველმა პრო ლიგის მე-12 ტურში შეუცვლელად ითამაშა „ესტეღლართან“ გასვლით მატჩში. 31 წლის ქართველმა მცველმა მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა. მერე მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და თამაშს იგებდნენ.
89-ე წუთზე გველესიანმა მასპინძელთა კარი მეორედ აიღო და გათამაშების ლიდერმა ქულის გადარჩენა მოახერხა (2:2) და ლიდერობაც შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ გველესიანმა ორივეჯერ თავური დარტყმით გაიტანა.
მიმდინარე სეზონში თბილისის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა ირანის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა, გოლები კი პირველად გაიტანა. გველესიანი „პერსეპოლისში“ წელს გადავიდა, მანამდე კი სამი სეზონი „სეპაჰანში“ თამაშობდა.