გვატემალელი მიგრანტი, რომელსაც აშშ-დან დეპორტაცია ემუქრება, ნიუ-იორკის ეკლესიამ შეიფარა
32 წლის მიგრანტს გვატემალადან, დებორა ბარიოსს, რომელსაც დეპორტაცია ემუქრება, ნიუ-იორკის წმინდა ანდრია მოციქულის მეთოდისტურმა ეკლესიამ მხარდაჭერა გამოუცხადა.
ბარიოსის სანახავად ეკლესიაში რამდენიმე პოლიტიკოსი, იურისტი და ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენელი მივიდნენ. მიგრანტმა მათ სთხოვა, რომ დეპორტაციისგან დაიცვან.
„ჩემი შვილები აშშ-ის მოქალაქეები არიან, აქ დაიბადნენ. მე არსებული მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში დეპორტაცია მემუქრება. ცნობა მაისში მომივიდა. ჯერჯერობით აქ ვარ, მაგრამ მეშინია, რა მელოდება ხვალ“, – განაცხადა დებორა ბარიოსმა.
დებორა ბარიოსი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლის თანაშემწედ მუშაობს. მას დეპორტაციის შესახებ ცნობა მაისში მიუვიდა. იგი მეთოდისტური ეკლესიის მრევლია, სადაც მას დაჰპირდნენ, რომ დეპორტაციისგან დაიცავენ.