გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 300 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაღუპულებს შორის სამი მცირეწლოვანია. ქვეყნის სტიქიური უბედურებების კონტროლის ცენტრის ცნობით, ლავამ სოფელ ელ როდეომდე მიაღწია, სადაც სახლები გაანადგურა, მოსახლეობის ნაწილმა კი შენობებიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.
მაშველები ლავის გამო ამ დრომდე ვერ აღწევენ სოფელ ლა ლიბერტადამდე, სადაც ამოფრქვევამ შესაძლოა, ასევე დიდი მსხვერპლი გამოიწვია.
ფუეგოს სტრატოვულკანი დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქ გვატემალაში არსებული საერთაშორისო აეროპორტი, ლა აურორა ცოტა ხნით დაიხურა.
პრეზიდენტ ჯიმი მორალესის ბრძანებით, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, რომ 1974 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი ამოფრქვევა ფუეგოზე არ მომხდარა.