გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა
გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. კიდევ 46 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. BBC-ის ცნობით, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ასობით მოხალისე მუშაობს. გარკვეულ დასახლებებთან მაშველებს კომუნიკაცია ამ დრომდე არ აქვთ. ამიტომ ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ვულკანი ფუეგო 3 ივნისს, ღამის საათებში ამოიფრქვა. შედეგად ლავამ დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია და ასობით სახლი გაანადგურა. მოსახლეობის ნაწილმა სახლებიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქ ელ როდეოშია, სადაც ვულკანურ ლავას ვერც ერთი სახლი გადაურჩა.
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დროებითი ბანაკები უკვე ფუნქციონირებს. მას თავი სამი ათასმა ადამიანმა შეაფარა. საერთო ჯამში სტიქიამ ოთხ რეგიონში 1,7 მილიონი მოსახლე დააზარალა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
გვატემალას ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი კი მოსახლეობას სტიქიის ზონიდან თავის არიდებისკენ მოუწოდებს, რადგან ფუეგოს ვულკანის გააქტიურების შანსი კვლავ არსებობს. ვულკანის ამოფრქვევის დროს ლავის საშუალო სიჩქარე საათში 700 კილომეტრს უდრის. ეს კი კომერციული თვითმფრინავის სიჩქარეს უტოლდება. ამასთან ლავის ტემპერატურა 200-დან 700 ცელსიუსამდე მერყეობს.