„მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ შეწუხებულია დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიის რამდენიმე ხელმძღვანელის დაპატიმრების გამო. მისი სიტყვებით, ორივე მხარის წარმომადგენლები უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
„სასურველია, გამოუშვან ის კატალონელი პოლიტიკოსები, რომლებიც ესპანეთის მთავრობამ დააპატიმრა. ვწუხვარ ამის გამო, რადგან ასეთი რამ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეემთხვეს. მათ მხოლოდ საკუთარი აზრი გამოხატეს. მათ, უბრალოდ, შეასრულეს წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც კატალონელთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას გამოხატავს. მაშინებს ის, რომ დემოკრატიის განვითარების მხრივ ესპანეთი უკან იხევს.
ესპანეთისა და კატალონიის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. აუცილებელია რეფერენდუმის პირობების შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული იქნება ამ სიტუაციის მოგვარება“, – ამბობს გვარდიოლა სააგენტო “როიტერსთან“ ინტერვიუში.