გვანცა მელაძე - ბაზრების დივერსიფიცირებისთვის ექსპორტიორ კომპანიებს მოკლევადიან, იაფ საბრუნავ კაპიტალზე წვდომა სჭირდებათ
მოკლევადიან, იაფ საბრუნავ სახსრებზე წვდომის შემთხვევაში, ექსპორტიორი კომპანიები განვითარებულ ბაზრებზე ვაჭრობას გაზრდიდნენ, – ამის შესახებ „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე გვანცა მელაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში რუსთის ბაზარზე არსებული რისკები და ბაზრების დივერსიფიცირების საკითხი განიხილეს.
დისკუსიის დროს დაისვა საკითხი, რატომ ვერ იყენებს საქართველო სათანადოდ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს ევროკავშირთან და ჩინეთთან.
მელაძემ აღინიშნა ისიც, რომ ამის პარალელურად, გარკვეული პროდუქტების ექსპორტი საგანგაშოდ გაიზარდა ისეთ მაღალი რისკის შემცველ ბაზარზე, როგორიც რუსეთია. მისი მოსაზრებით, ქართულმა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს 2006 წლის ემბარგოს გამოცდილება და აქცენტი ბაზრების დივერსიფიკაციაზე გააკეთოს.
„ჯამურად ექსპორტში რუსეთის წილი დიდი არ არის, 13 პროცენტია, მაგრამ თუ სექტორების მიხედვით ჩავშლით, ვნახავთ, რომ ღვინო და ალკოჰოლური სასმელები 60 პროცენტიან ნიშნულს გადაცდა. ეს უკვე საგანგაშო ნიშნულია, რაც ნიშნავს, რომ თუ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სანქციები ამოქმედდება, უფრო დიდი ზარალი მიადგება ეკონომიკას და უფრო რთული იქნება დივერსიფიცირება, რადგან ექსპორტი რუსეთის მიმართულებით ყოველწლიურად იზრდებოდა. ზოგჯერ ახლად ათვისებული ბაზრებიდანაც, მაგალითად, როგორიც ჩინეთია, ღვინის წილი ხშირად რუსეთზე გადათამაშდა“, – განაცხადა მელაძემ.
მისი განმარტებით, არსებული პოლიტიკური რისკების მიუხედავად, რუსეთის ბაზრისკენ მეწარმეებს რუსული ენის ცოდნა, მსგავსი მენტალიტეტი და მინიმალური მარკეტინგული ხარჯი იზიდავს. ამის საპირისპიროდ, განვითარებული ქვეყნების ბაზარზე გასვლა ინგლისური ენის ცოდნას, დიდი მოცულობის ინვესტიციებს, მარკეტინგულ უნარებსა და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
„რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, რუსეთის ბაზრისკენ გადასვლის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ენის ბარიერია. რუსულენოვანი ბაზარი ისევ ახლოს რჩება კულტურული თუ ენობრივი ფაქტორების გამო. მარკეტინგული ხარჯიც მინიმალურია. შეიძლება, იმპორტიორმა პირდაპირ ქარხნიდან წაიღოს პროდუქცია. ამ დროს რთულია ჩინეთის საზღვრის გადალახვა და იქ პარტნიორის პოვნა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია თანხის წინასწარ გადახდა. რუსეთი საკმაოდ აქტიურად მოქმედებს თანხის წინასწარი გადახდის პრინციპით. ევროკავშირიდან კი, ნებისმიერი იმპორტიორი 30, 60, 90 დღით გადავადებას მოითხოვს, სანამ პროდუქცია ადგილზე არ ჩავა. ამისთვის საჭირო თავისუფალი ფულადი სახსრები ხშირად ქართულ კომპანიას არა აქვს“, – განაცხადა „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ.
ის მიიჩნევს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს შექმნა იქნება, რომელიც ექსპორტიორ კომპანიებს მოკლევადიან, იაფ საბრუნავ სახსრებზე წვდომით უზრუნველყოფს. აღნიშნული სააგენტოს შექმნის საკითხი კი, ხუთი წელია, გაჭიანურდა. მელაძე ვარაუდობს, რომ პარლამენტარებმა საფუძვლიანად ვერ გაიგეს, რა სარგებლის მოტანა შეუძლია სააგენტოს.
„დაახლოებთ 2013 წლიდან მიდის ამაზე მუშაობა. ეს იქნებოდა ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ექსპორტზე უკვე გასულ კომპანიებს მოკლევადიან, იაფ საბრუნავ საშუალებებზე წვდომის საშუალებას მისცემდა. ამ შემთხვევაში, განვითარებულ ბაზრებზე ვაჭრობა ბევრად გაიზრდებოდა“, – განმარტა „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე გვანცა მელაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.