გუსტავ ტალვინგმა რატი ბრეგაძეს მიმართა - მადლობას გიხდით, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს
ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაციის, EUROPRIS-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიღწეულ პროგრესს აფასებს და ამ მნიშვნელოვან საქმეში საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირად წვლილზე საუბრობს. ამის შესახებ მან პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასპინძლობენ.
„საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო მინისტრო, დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-სა და EPTA-ს უწყობთ ხელს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს“, – აღნიშნა ტალვინმა.
გუსტავ ტალვინგმა რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელზედაც საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციის პროგრამებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს.
„მე გაკვირვებული დავრჩი, როგორ სიღრმისეულად იყო დაინტერესებული საქართველოს იუსტიციის მინისტრი სასჯელაღსრულების საკითხებით. ზოგადად, როდესაც მინისტრებს ვხვდები, როგორც წესი, საუბარი 15 წუთს გრძელდება ხოლმე, მაგრამ ბატონმა ბრეგაძემ ორ საათზე მეტი დრო დაუთმო ჩვენს შეხვედრას და დეტალურად მიხსნიდა, როგორ მუშაობს და ვითარდება ეს სამსახური საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გაწეული ძალისხმევისთვის“, – განაცხადა გუსტავ ტალვინმა.